ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ უახლოესი 6-8 კვირის განმავლობაში, ევროპის რეგიონის მოსახლეობის 50%-ზე მეტი ომიკრონით დაინფიცირდება.
"ომიკრონის შტამის გავრცელების ასეთი ტემპის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მეტრიკისა და შეფასების ინსტიტუტი (IHME) პროგნოზირებს, რომ რეგიონის მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი ხსენებული შტამით დაინფიცირდება და ეს მომდევნო 6-8 კვირაში მოხდება", - განაცხადა კლუგემ.
როგორც კლუგემ აღნიშნა, კორონავირუსის ამ სწრაფად გავრცელებად შტამს მუტაციები გამოუვლინდა, რომლებიც მას საშუალებას აძლევს უფრო ადვილად შეეკრას ადამიანის უჯრედებს და შეუძლია დააინფიციროს ის ადამიანებიც კი, რომლებიც ადრე იყვნენ ინფიცირებული ან ვაქცინირებული“.
მისივე თქმით, არსებული ვაქცინები უზრუნველყოფენ ინფიცირებულის კარგ დაცვას იმისათვის, რომ ლეტალური შედეგ არ დადგეს. თუმცა, იმის გამო, რომ ომიკრონი სწრაფად ვრცელდება, ჯანდაცვის სექტორზე, კლუგეს თქმით, დიდი დატვირთვა მოდის.
აღსანიშნავია, რომ ფაიზერმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისი ომიკრონ-ვაქცინა მზად მარტში უნდა იყოს.
***
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ომიკრონი უკვე 89 ქვეყანაშია გავრცელებული.
ფარმაცევტული კომპანიები Pfizer და BioNTech აცხადებენ, რომ კვლევების მიხედვით, ფაიზერის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზა კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტს ანეიტრალებს. ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ომიკრონის შტამისგან დასაცავად მოსახლეობას აცრისა და ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ მოუწოდა.
საქართველოში ომიკრონის პირველი შემთხვევა 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა. ბოლო მონაცემებით ომიკრონის შტამი 600-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.